Tuesday, August 1, 2017

როგორ მოვხარშოთ ამერიკული ღია ფერის ელი მარტივად, სახლის პირობებში

ამერიკული ღია ფერის ელი


როგორც შეგპირდით, გთავაზობთ ამერიკული ღია ფერის ელის სახლის პირობებში მომზადების რეცეპტს. ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიოში არსებობს ამერიკული ღია ფერის ელის მრავალი სხვადასხვა ვერსია, წინამდებარე რეცეპტი კი ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს. გარდა ამისა, ვინაიდან წინამდებარე რეცეპტი გათვლილია დამწყებებზე, გადავწყვიტე შემომეთავაზებინა შედარებით მარტივი რეცეპტი, რომელშიც გამოიყენება ალაოს ექსტრაქტი. შესაბამისად თქვენ აღარ მოგიწევთ ალაოს რეცხვა, რითაც დაზოგავთ დროს და ენერგიას. ამ რეცეპტის გამოყენებით თქვენ მიიღებთ დაახლოებით 19 ლიტრ ამერიკულ ღია ფერის ელს.


ინგრედიენტები

  • 2.5 კგ. ღია ფერის ალაოს მშრალი ექსტრაქტი (Light Dry Malt Extract);
  • 225 გრ. კრისტალური ალაოს დაღერღილი მარცვლები (Crystal 20L malt);
  • 225 გრ. ამერიკული ალაოს დაღერღილი მარცვლები (American 6-row malt);
  • 14 გრ. სენტენიალური სვია (Centennial hops) - 60 წუთი;
  • 28 გრ. სვია კასკადი (Cascade hops) - 15 წუთი;
  • 28 გრ. სენტენიალური სვია (Centennial hops) - 15 წუთი;
  • 28 გრ. სვია კასკადი (Cascade hops) - ხარშვის დასრულებისას;
  • 14 გრ. სენტენიალური სვია (Centennial hops) - ხარშვის დასრულებისას;
  • 23 ლიტრი წყალი;
  • 11.5 გრ. საფუარი - Safale US-05;
  • 128 გრ. სიმინდის შაქარი (ლუდის კარბონიზაციისთვის ბოთლებში ჩამოსხმის დროს).

მომზადების წესი

  1. გააცხელეთ 4 ლიტრი წყალი 71 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე, ალაოს მარცვლები ჩაყარეთ ნაჭრის პატარა ჩანთაში და ჩადეთ წყალში 20 წუთით. 20 წუთის შემდეგ ტემპერატურას მოუმატეთ და წყალი ნელ-ნელა გააცხელეთ 76 გრადუს ცელსიუსამდე.
  2. წყლიდან ამოიღეთ ნაჭრის ჩანთა და ალაოს მარცვლები და დაამატეთ წყალი, ისე რომ გამოვიდეს დაახლოებით 11 ლიტრი სითხე.
  3. წამოადუღეთ ქვაბში არსებული სითხე და ნელ-ნელა შეურიეთ ღია ფერის ალაოს მშრალი ექსტრაქტი.
  4. ქვაბში ჩაკიდეთ პატარა ნაჭრის ჩანთა სადაც ჩაყრით სვიას. ხარშვის დაწყების წინ ჩაყარეთ ჩანთაში 60 წუთიანი სვია (სულ უნდა იხარშოს 60 წუთის განმავლობაში).
  5. 45 წუთის გასვლის შემდეგ ჩანთაში ჩაყარეთ 15 წუთიანი სვია.
  6. 15 წუთის გასვლის შემდეგ შეწყვიტეთ ხარშვა, ამოიღეთ ნაჭრის ჩანთა და მასში არსებული სვია და ქვაბში ჩაყარეთ ხარშვის დასრულებისთვის განკუთვნილი სვია.
  7. გააგრილეთ ნახარში და გადაიტანეთ ფერმენტაციისთვის განკუთვნილ ჭურჭელში. ჩაამატეთ გადადუღებული (დეზინფექცია გავლილი) ცივი წყალი, რომ მივიღოთ 16-19 გრადუს ცელსიუს ტემპერატურის 19 ლიტრი სითხე. გაითვალისწინეთ, რომ მას შემდეგ რაც ნახარში გაცივდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ მასში არ მოხვდეს ბაქტერიები.
  8. ნახარშს შევურიოთ საფუარი, დავხუფოთ და გავუკეთოთ აირლოქი, კარგად ავანჯღრიოთ და შევინახოთ ბნელ ადგილას ფერმენტაციისთვის.
  9. მას შემდეგ რაც ფერმენტაცია დასრულდება, ლუდი გადავიტანოთ ბოთლებში. ამასთან, კარბონიზაციისთვის წამოადუღეთ 128 გრამი შაქარი და 1-2 ჭიქა წყალი. მიღებული სიროფი ჩაასხით ლუდში და კარგად მოურიეთ. აღნიშნულის შემდგომ ჩაასხით სტერილურ ბოთლებში, დახუფეთ სტერილური თავსახურებით და შეინახეთ ბნელ ადგილას კიდევ ერთი კვირით.

No comments:

Post a Comment